ვინ გინდოდა გამოსულიყავი?
- Oto Tabatadze
- Oct 31, 2024
- 2 min read
ბავშვობაში ნაგვის მანქანის მძღოლობა მინდოდა 😁
80-იანებში კორპუსების უმრავლესობას, ნაგვის ბუნკერები ჩაშენებული შენობაშივე ჰქონდა და ამ ბუნკერის ორ ან სამ დღეში ერთხელ წმენდნენ. მოვიდოდა ნაგვის მანქანა, გააღებდნენ ბუნკერის კარს სასდარბაზოს გვერედით და ნაგავი ისე გაჰქონდათ. ჩვენ - მეორე სართულზე ვცხოვრობდით, ვაჟაზე და თუ ნაგვის გატანის დროს აივნის კარს არ დავხურავდით, ნაგვის სუნი სახლში შემოვიდოდა. მიუხედავად ამისა, მე და ჩემი 1 წლით უმცროსი ძმა აივანზე ვიდექით და ამ, ჩვენთვის საინტერესო პროცესს ვუყურებდით. მანქანის მძღოლი მხიარული ადამიანი იყო და მანამ, სანამ მის კოლეგებს ნაგავი გაჰქონდათ, მე და ჩემ ძმას გვამხიარულებდა. მშობლები ცდილობდნენ აივნიდან სახლში შემოვეყარეთ, მაგრამ ჩვენ მაინც ვახერხებდით დავლაპარაკებოდით ამ ადამიანს და მის ხუმრობებზე გვეცინა.
დედაჩემი პროფესიით ბავშვთა ფსიქოლოგია, მამაჩემი ინჟინერ მექანიკოსი და ავიაინჟინერი იყო, მაგრამ მე რატომღაც ნაგვის მანქანის მძღოლობა მინდოდა 🤷 ♂️
უკვე სკოლის ასაკში არქეოლოგობა მოვინდომე. სიძველეთა ქექვა მიზიდავდა და მიმაჩნდა რომ ყველაზე საინტერესო საქმე არქეოლოგის საქმე იყო.
სკოლის დამთავრებისას არქიტექტორობა მოვინდომე, მაგრამ მერე გავიგე რომ თუ არქიტექტორობა გინდა ამისთვის „გეპეი“-ში უნდა ჩააბარო და ეს უკვე აღარ მომინდა. გადავიფიქრე ამ უსახურ შენობაში სწავლა. სკოლა რომ დავამთავრე უკვე აღარ ვიცოდი რა მინდოდა, 2 წელი ჩავაგდე, სადღაც სასაცილო უნინვერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე ჩავაბარე, მეორე კურსიდან გამოვედი და ბოლოს ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე მოვხვდი. დავამთავრე და მაგისტრატურაც მივაყოლე. მოკლედ რაღაცეების ქექვის პროფესიის არჩევა მაინც გამომივიდა ბოლოს - ზემოთ ნახსენები საქმიანობების მსგავსი.
ჩემი ეს ჩამოუყალიბებელ ინტერესებში მოგზაურობა, რამაც არაერთი წელი დამაკარგვინა, საბოლოოდ სასურველ შედეგამდე მაინც მიმიყვანა, მაგრამ ბევრად გრძელი, შემოვლითი გზით.
დღეს უკვე მოზარდებს, ბევრად დიდი შესაძლებლობები აქვთ, როგორც ინფორმაციული კუთხით, ასევე გარემოსთან ადაპტაციის პიროვნული უნარების განვითარების თვალსაზრისით.
IT სფეროთი ახალგაზრდების დაინტერესების ბუმის მიუხედავად, არც თუ ისე ცოტამ აღმოაჩინა რომ ეს მისი ნამდვილი ინტერესის სფერო თურმე არ ყოფილა, სხვა კი მიხვდა რომ კოდის წერას, ინჟინრობა ერჩივნა. მგონია რომ ბევრი ისურვებდა თავიდანვე ჰქონოდა მეტი პრაქტიკული შეხება ინფორმაციული ტექნოლოგიების სხვადასხვა სფეროსთან, რათა არჩევანი დასაწყისშივე გაეკეთებინა, გაცნობიერებული გადაწყვეტილებები მიეღო და დრო - ჩემსავით ამაოდ არ დაეკარგა.
ალბათ პროფესიული საზაფხულო სკოლები საუკეთესო გზაა მომავალი პროფესიის ასარჩევად. ხოლო IT საზაფხულო ბანაკები - იდეალურია მოზარდისთვის აღმაჩინოს მომავალი პროფესია ან უფრო მკაფიო წარმოდგენა შეექმნას სხვადასხვა საქმიანობებზე.

Comments